ქალაქ ხაშურში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული გაეცნენ
ქალაქ ხაშურში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი გაეცნენ. პროექტი ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე სოფლებს-ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება, წყალარინების ქსელის მოწყობა, სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა. პარალელურად ხორციელდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2.5-კილომეტრიანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა, ხოლო გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მზის პანელები მოეწყობა.
დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე დასაერთებელი, პროექტის მიღმა დარჩენილი საცხოვრებელი სახლების აღწერა- სამუშაოები 250 ქუჩაზე ჩატარდა. მიღებული მონაცემები მუშავდება და აბონენტების პროექტში ეტაპობრივი ინტეგრირება გაგრძელდება. პარალელურად, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ გზებზე ქსელების მიერთებები წინასწარ სრულდება, რათა ახლად მოწყობილი გზების ხელახალი დაზიანება თავიდან იქნეს აცილებული.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის, სოფელ ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის 44 000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.