მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო — მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტის შედეგად სოფელ მუხრანში წყალმომარაგების ახალი, თანამედროვე სისტემა შეიქმნა.
წყალმომარაგების პროექტის დასრულების შემდეგ სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება ციხისძირი–ახალგორი–ლარგვისის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც სოფელ მუხრანში 5.5 კმ-იანი მონაკვეთი რეაბილიტირდება.
სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის სრულ რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელისა და ტროტუარების მოწყობას, ასევე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
სოფელში მიმდინარე საგზაო სამუშაოების პროცესში წყალმომარაგების ქსელის დაზიანებამ ცალკეულ შემთხვევებში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეფერხება გამოიწვია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ოპერატიულად რეაგირებს და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთანავე წყალმომარაგება განახლდება.
წყალმომარაგების სისტემაზე გაზრდილი დატვირთვა დაფიქსირდა ივლისშიც, წყლის მოხმარების სეზონური ზრდის პერიოდში, რის გამოც წყალმომარაგება დროებით გრაფიკით ხორციელდებოდა.
ამასთან, მიმდინარეობს მოსახლეობის აბონენტად რეგისტრაციისა და მოხმარებული წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის პროცესი. აბონირების სრულად დასრულებამდე წყლის მოხმარების კონტროლი გართულებულია, რაც ცალკეულ შემთხვევებში სასმელი წყლის არარაციონალურ მოხმარებასა და სისტემაზე დამატებით დატვირთვას განაპირობებს.
სოფელში მიმდინარე კომპლექსური ინფრასტრუქტურული სამუშაოების სრულად დასრულებისა და მოსახლეობის აბონირების პროცესის მოწესრიგების შემდეგ, ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა სრული დატვირთვით და გამართულ რეჟიმში იფუნქციონირებს, რაც მუხრანის მოსახლეობისთვის სტაბილურ და ხარისხიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.