ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
“დღეს სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობენ პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით ამზადებენ სპეციალისტებს. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ბიზნესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები’’- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისა და კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, სამშენებლო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამ გამოწვევის დასაძლევად სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის მჭიდრო თანამშრომლობა, კვალიფიციური კადრების ზრდა და მათი დასაქმება.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სამშენებლო კომპანიებთან გამართული შეხვედრებისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი გამოიკვეთა, რის გამოც მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების სისტემა მაქსიმალურად პასუხობდეს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს.
,,სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებს, საქართველოში კი არაერთი ძლიერი პროფესიული კოლეჯი ამზადებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც შრომის ბაზარს სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს და პროფესიულ სასწავლებლებთან პირდაპირი თანამშრომლობა გააძლიეროს”- განაცხადა მან.