ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ფრანგულ კომპანია Veolia-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს


2026-05-20

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და მისი მოადგილე გიორგი გიორგობიანი მადრიდში მიმდინარე Global Water Summit-ის ფარგლებში ფრანგული კომპანია Veolia-ს გაყიდვების დირექტორს, ხუან გარსია კარლოს ალკარაზს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის საკითხები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები განიხილეს.

ქართულმა მხარემ Veolia-ს წარმომადგენლებს გააცნო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების განვითარების გეგმები და სექტორის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, წყლის დანაკარგების შემცირების, წყალარინების გამწმენდი ნაგებობების განვითარების და სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს.

Veolia-ს წარმომადგენლებმა საქართველოს წყალმომარაგების სექტორში მიმდინარე განვითარების გეგმების მიმართ დაინტერესება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ კომპანია საქართველოში ვიზიტის, შესაბამის ფორმატებში გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების გაზიარების შესაძლებლობას განიხილავს.

Veolia წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და სპეციალიზდება სასმელი წყლის, ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებში.




სიახლეები