გიორგი კობერიძე - წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარება პრიორიტეტად რჩება


2026-03-27

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ - ქვეყნის წყალმომარაგების სფეროში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება უკვე მრავალი წელია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების სისტემებისა და შესაბამისი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით.

გიორგი კობერიძის განცხადებით, 2013–2015 წლებში რეგიონების არც ერთ ქალაქში არ არსებობდა 24-საათიანი წყალმომარაგება. დღეს კი იმ 48 ქალაქიდან, რომლებიც სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალშია, 31 უკვე უზრუნველყოფილია უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლით. დარჩენილ 17 ქალაქში მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც ეტაპობრივად 2026–2027 წლებშია დაგეგმილი.

მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ახლახან გამართულ „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენციაზე“. მისი თქმით, ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი ჩართვა ქვეყნის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში დაინტერესებულ კომპანიებს სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.

„წყალმომარაგება ვერ იარსებებს წყალარინების სისტემის გარეშე. შესაბამისად, პარალელურად ვიწყებთ აქტიურ საპროექტო სამუშაოებს ამ მიმართულებითაც. წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად აშენდება გამწმენდი ნაგებობები“- განაცხადა გიორგი კობერიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლებში არსებულ გამოწვევებს. სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, უკვე დაწყებულია ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი სოფლის მოსახლეობა მიიღებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უწყვეტ წყალმომარაგებას.




სიახლეები