ურეკის გამწმენდი ნაგებობის ოპერაციული მდგომარეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეამოწმა


2025-10-27

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შონიამ, მოადგილე აკაკი მშვიდობაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სისტემების ოპერაციული მდგომარეობა ადგილზე შეამოწმა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს, რათა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული გამწმენდი ნაგებობები სრულად შეესაბამებოდეს გარემოს დაცვისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად ამცირებს ნიადაგისა და წყლის დაბინძურების რისკებს, იცავს ადგილობრივ ეკოსისტემებს და უზრუნველყოფს ჯანმრთელი, სუფთა გარემოს შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ, მათი უწყვეტი და გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გარემოსდაცვითი სტანდარტების ინტეგრაცია კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს.

ამჟამად ექსპლუატაციაში გაშვებულია 6 გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკში, ზუგდიდში, თელავსა და წყალტუბოში, სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გუდაურში, ყვარელსა და მარნეულში, ხოლო შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები 10 მდე ლოკაციაზეა დაგეგმილი.




სიახლეები