გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე გამწმენდი სისტემების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს


2025-10-17

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც მოიცავს თანამედროვე გამწმენდი და საფილტრე სისტემების დანერგვასა და გაფართოებას.

კომპანია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი გამწმენდი ნაგებობები სრულად აკმაყოფილებდეს გარემოს დაცვისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. მსგავსი სისტემების დანერგვა ამცირებს ნიადაგისა და წყლის დაბინძურების რისკებს, იცავს ეკოსისტემას და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე მუშაობისას თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ადგილობრივი საწარმოების შესაძლებლობების შეფასებაც, რისთვისაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, კომპანიის დირექტორი გიორგი შონია და დირექტორის მოადგილეები ქართული წარმოების საწარმო „პოლიმერ ჯგუფის“ სამუშაო პროცესს და წარმოების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

„პოლიმერ ჯგუფი“ წყლისა და კანალიზაციის სისტემებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ ელემენტებს-მილებს, ავზებს, სატუმბ სადგურებსა და გამწმენდ დანადგარებს აწარმოებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი სისტემების დანერგვა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.




სიახლეები