ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები იწყება


2024-10-23

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ნაწილში გათვალისწინებულია: ბაღდათის და საირმის სათავეებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია; 36,6 კმ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა. აშენდება ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და მოეწყობა ახალი SCADA სისტემა.

წყალარინების ნაწილში განხორციელდება: წყალარინების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 46,5კმ; აშენდება 1 დიდი და 7 პატარა სატუმბი სადგური. სანიაღვრე სისტემის ნაწილში კი 19 კმ სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.

ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. ამ დროისთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. ტენდერის გამოცხადება 2024 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქ ბაღდათში წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც იგეგმება. ხელშეკრულების გასაფორმებლად, მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა.

წყალმომარაგების სამუშაოების შედეგად, ბაღდათის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით ხოლო წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლის ბოლოდან ისარგებლებს.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 100 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯება.




სიახლეები