სოფელ გეგუთის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით პირველად ისარგებლებს


2024-08-01

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, საქლორატორო. ასევე გათვალისწინებულია ნაპირდამცავი სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია.

სოფელ გეგუთში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა, მოსახლეობის უმრავლესობა თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 4 000 -ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის დასრულების ვადად 2026 წლის დეკემბერია განსაზღვრული, თუმცა, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე - 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ხუთი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით - 115 მილიონამდე ლარი. სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც, 30 000 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ერთი პროექტი, შედეგად, 3 330-მდე ბენეფიციარი სარგებლობს ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

 




სიახლეები