ქ.წყალტუბოს წყალმომარაგება-წყალარინებისა და შვიდი სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


2024-07-30

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიადი შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე ქალაქ წყალტუბოში წყალარინების სისტემის მოწყობის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

დღეის მდგომარეობით, ქალაქ წყალტუბოში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის 60% სარგებლობს. არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი ამორტიზებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, მაგისტრალური კოლექტორი, საკანალიზაციო ორ ტუმბოიანი სატუმბო სადგური. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონამდე ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება 2025 წლის მაისში არის დაგეგმილი.

გარდა ამისა, ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც, ქალაქ წყალტუბოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ბანოჯის, გეგუთის, ფარცხანაყანევის, მაღლაკის, გუმბრის, თერნალისა და გვიშტიბის მოსახლეობა, ჯამში 30 000-მდე ბენეფიციარი, ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 




სიახლეები