სოფელ ბანოჯის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს


2024-07-23

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეის მდგომარეობით, სოფელში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სატუმბი სადგურის, რეზერვუარის,   მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის და აღრიცხვის კვანძის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიადი შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე.

სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც 2 300-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ხუთი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით - 115 მილიონამდე ლარი. სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც 30 000 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ერთი პროექტი, შედეგად, 3 330-მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

 




სიახლეები