სიღნაღის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა


2024-07-16

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, საქობოსა და ჯუგაანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მილიონამდე ლარით ფინანსდება.

პროექტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და   დასრულების ეტაპზეა. მოეწყო სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი, ჭაბურღილები, აშენდა ახალი რეზერვუარები და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სხვა ობიექტები. პარალელურად, დაწყებულია მოსახლეობის აბონენტად რეგისტრაციის პროცედურები.

მოცემულ ეტაპზე, სოფლებში წყლის მიწოდება მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში. შესაბამისად, სისტემის საბოლოო გამართვამდე და აბონენტად რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე მოსახლეობა არ იხდის წყალმომარაგების კომუნალურ გადასახადს.

აღნიშნულ რვა სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა. მოსახლეობა საუბნო ონკანებითა და თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობდა.

სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 15 სექტემბერი, რის შემდეგაც რვა სოფლის 23 000 ბენეფიციარი, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები