ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს დიდველისა და კოხტას მიმართულებით წყალმომარაგების ქსელის განვითარებას, ახალი რეზერვუარის, მაგისტრალური ქსელისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას.
მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტების და დამსვენებლების რაოდენობის გამო, არსებული სისტემა საჭიროებს ქსელის არეალის გაფართოებას და დამატებითი წყლის დებეტის შექმნას, რათა უზრუნველყოს ზამთრის სეზონზე ბაკურიანის სტაბილური წყალმომარაგება.
აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.