გურიის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ორი პროექტი დასრულდა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
დასრულებული სამუშაოები ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულეს.
2023 წლამდე დაბა ურეკში წვერმაღალას, წერეთლის, სანერგეს უბნებსა და მე-13 ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა. მოსახლეობის ნაწილი წყალს, მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან, ინდივიდუალურად იღებდა, რაც სანიტარულ ნორმებსა და წყლის მოხმარების საჭირო მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ადგილზე წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.
პროექტი დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებშიც. სამუშაოების ფარგლებში, ისტორიაში პირველად, ზემო ნატანებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი მოეწყო. აშენდა ჭაბურღილები, რეზერვუარები და საქლორატორო.
პროექტებისთვის, სახელწიფო დაფინანსებით, ჯამურად 8 მლნ, ლარზე მეტი დაიხარჯა. შედეგად, 3400 ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.