ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს


2024-03-06

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, მიხეილ შაყულაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაალ დუგლაძე, AFD-ის სამხრეთ კავკსასიის რეგიონული სააგენტოს ხელმძღვანელი ფანი დელპი და ევროკავშირის წარმომადგენლები.

მასშტაბური პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქ. ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობის სამუშაოები. 200 კმ-იანი ქსელიდან დასრულებულია წყალმომარაგების ქსელის დაახლოებით 80 კმ-ის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad.Tic. A.S. ახორციელებს.

პარალელურად მიმდინარეობს ქალაქ ხაშურში სასმელი წყლის მოპოვების ობიექტებისა (სათავე ნაგებობის, სატუმბო სადგურების, წნევიანი მაგისტრალებისა და რეზერვუარების) და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სატენდერო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

ამასთანავე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც შეამცირებს შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს.

ამასთანავე დაგეგმილია ქ. ხაშურის წყალარინების ქსელების განვითარების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც აშენდება ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელი.

დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ხაშურის მოსახლეობის, დაახლოებით 30 000 ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 330 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.




სიახლეები