ქალაქ ახალციხეში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ახალციხეში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „გზა“ - ს დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ.
ქალაქში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი რამდენიმე საათიანი გრაფიკით. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალციხის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 41 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
ქალაქ ახალციხეში ასევე მიმდინარეობს ცალკეული უბნების და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა, აბის დასახლება) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და აბის დასახლების წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 8,5 მილიონამდე ლარია.