ქალაქ ჯვარის მოსახლეობა წყალმომარაგების ახალი სისტემით აგვისტოდან ისარგებლებს
ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები აგვისტოში დასრულდება და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში დაიწყება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ.ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობის გამო კონტრაქტორი კომპანია დაჯარიმდა. კომპანიას As Inshaat LLC (აზერბაიჯანი), სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დაუსრულებლობის გამო, საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს ოდენობით დაეკისრა. პროექტის ჯამური ღირებულება 9,087,881.93 აშშ დოლარია.
პროექტი 8 ჭაბურღილის მოწყობას, ასევე წყლის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟს, გამანაწილებელი ქსელისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, სატუმბი სადგურის მშენებლობასა და მრიცხველების მონტაჟს ითვალისწინებს.
კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, სამშენებლო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა. 2022 წლის ივლისიდან კონტრაქტორმა სამუშაოები აქტიურად განაახლა, ამჟამად პროექტი დასრულების ფაზაშია. სამუშაოების დაახლოებით 85% შესრულებულია. დარჩენილია მრიცხველების მონტაჟი და ელექტრო-მექანიკური სამუშაოების ნაწილი, ასევე ქსელის დეზინფექცია-ტესტირება. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს შემკრები რეზერვუარის დამცლელი ურდულის და ჭის მონტაჟი, დამცლელი მილის შედუღების სამუშაოები, ჭაბურღილამდე მისასვლელი გზების მოწყობა. ასევე, შემკრები რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის სადრენაჟო სისტემის მოწყობა.