გარდაბნის სოფლების-ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების:ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიების- „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“-ის წარმომადგენელმა გუნეი ბელთირიმ და - შპს „კომფორტმშენ XXI“-ის დირექტორმა ლაშა კიტიამ მოაწერეს.
სამუშაოების ფარგლებში სამივე სოფლისთვის მოეწყობა სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი, რეზერვუარები. ხოლო, დამატებით სოფელი ვახტანგისისთვის წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი.
ასევე, ნაზარლოსა და ქესალოში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ჯამურად 54 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოები ეტაპობრივად, 2027 წლის დასაწყისამდე დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.