„მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთისა და ქვემო ნატანების რამდენიმე უბნის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება


2023-01-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ოზურგეთსა და ქვემო ნატანებში - წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა“-ს წარმომადგენელმა, მალხაზ დუმბაძემ მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:  არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და  წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა მაგისტრალური მილები. წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში მოეწყობა სატუმბი სადგური, მაგისტრალი, რეზერვუარი და გამანაწილებელი ქსელი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ურეკისთვის ჭაბურღილების მოწყობას.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.




სიახლეები