ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.
ონში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა, 10 კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლოს არის დაგეგმილი,რომლის შემდეგაც ონის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 18 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.