წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ სტამბულის წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობა-მართვის სისტემებს გაეცნო
22-24 აგვისტოს, ქალაქ სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, წყლისა და წყალარინების სფეროს მიმართულებით მომუშავე რამდენიმე კომპანიას ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან, საპროექტო დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ნარიმანიძესთან და რეალიზაციის დეპარტამენტის უფროსთან, გიორგი თარხნიშვილთან ერთად, სახელმწიფო წყალმომარაგების კომპანიის ‘’DSI’’-ის რეგიონალური ოფისის საქმიანობასა და პროექტების დაგეგმარება-მშენებლობას გაეცნო.
სამუშაო შეხვედრა ასევე გაიმართა ქალაქ სტამბულის წყალმომარაგების მართვის კომპანიის ‘’ISKI’’-ს ხელმძღვანელობასთან. კომპანიამ ქართველ კოლეგებს გაუზიარა თავისი გამოცდილება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ოპერირების, წყლის ხარისხის კონტროლის, მომხმარებელთა მომსახურების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა მოქმედი წყლისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობები და ლაბორატორიები.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მოეწყო თურქეთის წყალმომარაგების ინსტიტუტში (SUEN), სადაც თურქმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას წყლისა და წყალარინების გამწმენდი ობიექტების მშენებლობა-მართვის გამოცდილება გაუზიარეს. თავის მხრივ, თურქმა კოლეგებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესახებ.
მხარეებმა ერთმანეთს დარგში არსებული ორი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.