რაში დაიხარჯება 4 მილიონი ევრო
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გრანტის სახით 4 მლნ ევროს გადასცემს. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს აღნიშნული თანხის გადმოცემის შესახებ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წყლის სექტორის ექსპერტმა მარტინ შრივერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული თანხით, საქართველოს 7 ურბანული ცენტრისთვის მომზადდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დეტალური საინჟინრო პროექტები. ასევე, მოხდება სპეციალური აღჭურვილობის შესყიდვა, რომლის მეშვეობითაც 11 ურბანულ ცენტრში განხორციელდება წყალმომარაგების სისტემის ტესტირება წყლის დანაკარგის აღმოფხვრის მიზნით. ასევე, აღნიშნული 4 მლნ ევროს ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის მოხდება საერთაშორისო პროფესიონალი ექსპერტების დაქირავება და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კომპანიის თანამშრომლების უცხოურ უნივერსიტეტებში გადამზადება.