ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეცნო
ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ პრემიერ- მინისტრს და მთავრობის წევრებს სოფელ ბაშში, პროექტის ფარგლებში მიმდინარე წყლის რეზერვუარის სამუშაოები გააცნო.
ამჟამად, მიმდინარეობს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა. ასევე, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის მოწყობა.
ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, რომელზეც 150 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს დასრულდება.