ქალაქ ყვარლის 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები იწყება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ყვარელში 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და საქართველოში კონტრაქტორი კომპანია ,, სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ’’-ის ფილიალის წარმომადგენელმა გუნეი ბელთირიმ.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სისტემების მშენებლობა 36 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 39,690,977 ლარი მოხმარდება.
ამ ეტაპზე, ქალაქ ყვარლის მოსახლეობის მხოლოდ 10% სარგებლობს სტაბილური წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს კი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. რაც შეეხება წყალარინების სისტემებს, არსებული ქსელის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მილსადენის მოწყობა.
ასევე, აშენდება წყალარინების ახალი ქსელი.
გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანია 2022 წლის დასაწყისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს.
აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, ყვარლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით, წყალარინების თანამედროვე სისტემებითა და გამწმენდი ნაგებობით ისარგებლებს.