თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება
წყალმომარაგების კომპანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 15 სოფლის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად განაგრძობს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 49 მილიონ ლარამდე თანხა მოხმარდება.
სამუშაოები ითვალისწინებს სოფლების: მაწევანის, გოლთეთის, წინწყაროს, დიდი დურნუკის, პატარა დურნუკის, ქოთიშის, ხაიშის, ქოსალარის, ტბისის, ფარცხისის, საღრაშენის, არდისუბანის, ენაგეთის, შავსაყდარის და ასურეთის 24 საათიან წყალმომარაგებას.
დღეის მდგომარეობით აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, არსებული წყლის სისტემის დიდი ნაწილი მოძველებული და ამორტიზებულია.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელები, მაგისტრალები, სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური და რეზერვუარი.
შედეგად, 15 სოფელში 8 000-მდე ადამიანს სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.