თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება


2021-10-28

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპს აქტიურად აგრძელებს.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ალექსანდრე თევდორაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მინისტრმა კონტრაქტორი კომპანიისგან პროექტით დაგეგმილ შემდეგ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა.

თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.

თელავში უკვე დასრულდა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე მოწყობილია წყალარინების ქსელი.




სიახლეები