ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების პროექტზე ტენდერები ნოემბერში გამოცხადდება


2021-10-21

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესების პროექტის მიზნებისთვის შექმნილი სამეთვალყურეო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, ხაშურის მუნიციპალიტეტის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

„ხაშურის წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და მის ფარგლებში დასახული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტთან დაკავშირებული ტენდერები ნოემბრიდან გამოცხადდება, ხოლო აქტიური სამშენებლო სამუშაოები უკვე 2022 წლიდან დაიწყება,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის მიზანი იყო ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესების პროექტის მიმდინარეობის შესახებ კომისიის წევრების ინფორმირება და პროექტის აქტივობებსა და მის სტრუქტურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის საჭირო განსახორციელებელ ქმედებებზე.

ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში, აშენდება 170 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი და რეაბილიტირდება და აშენდება 40 კმ წყალარინების ქსელი; აშენდება წყალმომარგების სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ასევე, ჩატარდება ქალაქის საკანალიზაციო ქსელის, მათ შორის კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ძველი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი, რომლის ნაცვლად აშენდება ახალი ნაგებობა.

ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოებზე, 2022 წელს გაფორმდება. შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები დაახლოებით 50 000 ადამიანი ისარგებლებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით.

პროექტს საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), ევროკავშირი (EU) და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

პროექტის საორიენტაციო ღირებულება 63 მილიონი ევროა, რომელიც მოიცავს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს 58 მილიონ ევროს დაფინანსებას, ევროკავშირის გრანტს 7,150,000 ევროს ოდენობით და სახელმწიფო დაფინანსებას დაახლოებით 11 მილიონი ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით.




სიახლეები