სოფელ წეროვნის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.
პროექტით გაწერილი სამშენებლო სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში. ადგილობრივ მოსახლეობას წლებია წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. ამორტიზებულია წყლის არსებული ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე, სოფელში წყალმომარაგების ახალი ქსელისა და რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სატუმბ სადგურს.
სამუშაოების დასრულება 2022 წლის ზამთარშია დაგეგმილი, რის შემდეგაც 800 ადგილობრივი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება.