რეგიონებში სასმელ წყალზე დავალიანების დაფარვა დაიწყო
2010-11-16
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საინფორმაციო ხასიათის აქციებს აგრძელებს ყველა რეგიონში. სტარტი კახეთიდან აიღო და იმერეთის რეგიონში გადაინაცვლა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამუშაო ჯგუფი ხვდება მოსახლეობას, ისმენს სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს და ამავე დროს კომპანია თავის მხრივ მოსახლეობას განუმარტავს რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის დავალიანების დაფარვა. Mმოსახლეობა იღებს ინფორმაციას თუ სად იხარჯება მათგან გადასახადის სახით შემოსული თანხა. აღსანიშნავია, რომ იმ რეგიონში, სადაც აქცია ჩატარდა ყველა ოჯახი აცხადებს, რომ სასმელ წყალს უფრო დიდი გრაფიკით იღებენ, ვიდრე აქამდე იყო, გრაფიკი გაეზარდათ და სასმელი წყლის ხარისხსაც არ უჩივიან.
გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ თავის მხრივ, მოსახლეობას აუხსნა როგორ უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო რეესტრის ადგილობრივ სააგენტოებთან, თუ რა ვადაში და როგორ უნდა აღმოიფხვრას სულადობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.
კომპანიის მუშაობის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა ამ აქციის მთავარი იდეა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქციებს განაგრძობს. უახლოეს დღეებში კომპანიიის მუშა-ჯგუფი ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრება.