გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


2021-06-07

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის, ახალსამგორისა და ახალსოფლის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება.

უკვე დასრულებული მშენებლობა და ამ დროისთვის მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

"გარდაბნის ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარეობს საკმაოდ მასშტაბური პროექტი. მშენებლობები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება. ეს პროექტი გაყოფილია სამ ფაზად, პირველი ფაზა უკვე დავასრულეთ, დასრულების ეტაპზეა მეორე ფაზა. ძალიან მალე კი დაიწყება სამუშაოების მესამე ეტაპი, რომლის დასრულების შედეგად, 30 ათასი ადამიანი, მიიღებს უწყვეტ, ხარისხიან წყალმომარაგებას"- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს შიდა სასოფლო ქსელებისა და ახალი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას. შედეგად, აღნიშნული სოფლები ათეული წლების შემდეგ პირველად შეძლებენ 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობას.

 




სიახლეები