გადაიხადე წყლის გადასახადი! – აქციამ სტარტი კახეთიდან აიღო


2010-11-12

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ხასიათის აქციები კახეთიდან დაიწყო. კომპანიის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თელავის, ყვარლისა და საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა. კომპანიის მუშაობის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა ამ აქციის მთავარი იდეაა და გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანია მიზნად ისახავს მოსახლეობას გარკვევით აუხსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის გადახდა, იმისთვის რომ მათ უწყვეტი და  სუფთა წყალმომრაგება ჰქონდეთ. კახეთის მოსახლეობას აქვე განემარტა სამოქალაქო რეესტრისა და გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის ახალი ინიციატივის შესახებ. 

კომპანიის მუშა-ჯგუფი თელავის ორ და საგარეჯოს სამ სკოლას ესტუმრა, სადაც ფლაერებთან და ბუკლეტებთან ერთად, სკოლის მოსწვალეებს საჩუქრად კომპანიის ლოგოთი გაფორმებული საქართველოს რუკები და გაკვეთილების ცხრილები დაურიგდათ. ხუთივე სკოლის დირექცია კომპანიის საქმიანობით დაინტერესდა და მუშა-ჯგუფს საშუალება მისცა გაკვეთილების მსვლელობისას კომპანიის შესახებ პრეზენტაცია გაეკეთებინა. 

მოსახლეობაში ჩატარდა გამოკითხვა. სამი ათასზე მეტმა გამოკითხულმა კახეთის მოსახლემ, კომპანიის თანამშრომლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგიონში წყალმომრაგება საგრძნობლად გაუჯობესდა, თუმცა მათ იმედი აქვთ, რომ გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანია, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომრაგებით უზრუნველყოფს.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქციებს განაგრძობს. უახლოეს დღეებში კომპანიიის მუშა-ჯგუფი დასავლეთ საქართველოს ესტუმრება.

 




სიახლეები