გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გარდაბნის ექვსი სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 15 000 მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.პროექტის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
"წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქვეყანაში წელს ინვესტიციის უპრეცენდენტო რაოდენობა ხორციელდება. ამჟამად, საქართველოში, ჯამში მიმდინარეობს დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის პროექტი, თითქმის 150 ლოკაციაზე, მათ შორის გარდაბანში, რომელიც მოიცავს ექვსი სოფლის 24 საათიან წყალმომარაგებას მაღალი სტანდარტით დამუშავებული წყლით. ამ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოიცავს. რაც ყველაზე იშვიათია ხოლმე, პროექტი, რომელიც 2022 წლის მეორე ნახევარში უნდა დამთავრებულიყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსწრებით მიდის პროცესები და ალბათ, ზაფხულის ბოლოს ამ ექვსივე სოფელს სრულად მივაწვდით წყალს’’-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.