ძველი ხიბულას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას აგრძელებს.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძველი ხიბულას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სადაც ახალი სისტემები შენდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი მოხმარდება.
პროექტის მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, მალხაზ თორიასთან და ხობის მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელმა სამუშაოების პროგრესი დაათვალიერა და კონტრატორისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ შემდეგ სამუშაობზე.
დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს და მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი.
პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფელში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და 300 -მდე ოჯახს სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფს.