გამრიცხველიანების ვადა სამ დღეში იწურება!
2010-09-27
ორგანიზაციებს გამრიცხველიანების ვადა ეწურებათ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიამ გამრიცხველიანების პირობებსა და პირობების არშესრულების შემთხვევაში სადამსჯელო სანქციებზე, მათ სრული ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა. ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები გაფრთხილებას კიდევ ერთხელ მიიღებენ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელმაც 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე ვერ უზრუნველყო საკუთარი ხარჯით სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობა და ამ ვადის გასვლის შემდგომ სასმელ წყალს მოიხმარს მრიცხველის გარეშე, გადასახდელად დაერიცხოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური, მომხმარებლის მიერ გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 12 საათიანი გამოყენების ნამრავლით.
2010 წლის 26 სექტემბრის მონაცემებით, გამრიცხველიანების საერთო მდგომარეობა და გასატარებელი ღონისძიებები შემდეგნაერად გამოიყურება: გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის მონაცემებით სულ გასამრიცხველიანებელი იყო 4072 ობიექტი, აქედან კომპანიის ხარჯით გამრიცხველიანდა 1177 ობიექტი, კომპანიის ხარჯითვე აღრიცხვის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს 626 ობიექტზე. ქვეყნის მასშტაბით კვლავაც მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი, რომლის ვადის ამოწურვამდეც სამი დღე რჩება. 26 სექტემბრის ჩათვლით საკუთარი ხარჯებით გამრიცხველიანდა 943 და გასამრიცხველიანებელი დარჩა 682 ობიექტი.
გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის, გამრიცხველიანების სამსახურის, ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე დადებული მონაცემებით გამრიცხველიანდა ორგანიზაციების 68 %.