სოფელ გურჯაანში მცხოვრები 4 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მორიგი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს.
წყალმომარაგების კომპანიის აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადების წარდგენა 2 დეკემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 9,7 მილიონ ლარზე მეტია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის 27 თვე არის განსაზღვრული.
დღეისათვის, სოფელ გურჯაანში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი. წყალი არ იქლორება.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებსა და ჭაბურღილს. მოეწყობა 3 ჭაბურღილი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი.
პროექტის დასრულების შემდეგ 4 000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.