ანასეულის მოსახლეობა 30 წლიანი უწყლობის შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს
ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულებულია და მოსახლეობა 30 წლიანი უწყლობის შემდეგ, 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მოადგილე , ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად ანასეულში შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
"გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდი ანასეულის წყალმომარაგების მშენებლობას. წყალმომარაგების კომპანიამ, ვალდებულება აიღო აღნიშნული დასახლების სტაბილურ წყალმომარაგებაზე. პროექტი, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაგვესრულებინა, თუმცა შევძელით და მოსახლეობას წყალს 24 საათის განმავლობაში უკვე ვაწვდით. ამ ეტაპზე დარჩენილია მცირე ტექნიკური სამუშაოები“ - განაცხადა გიგა მანდარიამ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობი, მაგისტრალური მილები, სატუმბი სადგური და წყალმომარაგების ახალი ქსელი.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე გამოიყო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურიის რეგიონში ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.