საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მისია ხაშურში წყლისა და წყალარინების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო


2020-10-10

წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ანა ონაშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენოს წარმომადგენლებს, ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების სფეროში არსებული ვითარება გააცნო.

კომპანია ხაშურში, AFD -ის დაფინანსებით, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციასა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას 2021 წელს დაიწყებს. პროექტის ღირებულება 66 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.

ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების ქსელი მხოლოდ ნაწილობრივ არის განვითარებული. მოსახლეობის დაახლოებით 50% მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალს დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში ღებულობს, გარკვეული ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. თუმცა ჭის წყალს მხოლოდ ტექნიკური დანიშნულება აქვს და სასმელად არ გამოიყენება.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია როგორც ახალი, ასევე არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია-მშენებლობა.

სრულად შეიცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა. აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

პროექტის დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, ხაშურისა და მიმდებარე სოფლების (ზემო ოსიაური, ქვემო ოსიაური, ცხრამუხა) მოსახლეობა, ჯამში 33 200 -მდე ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

 

 




სიახლეები