სენაკის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გამოცხადდა ტენდერი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე.
გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 11 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
სამუშაოები წყალმომარაგების დაზიანებული ქსელის ახლით ჩანაცვლებასა და აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.
პროექტის დასრულების შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების დაახლოებით 1000-მდე მცხოვრები გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.