დაბა მანგლისში ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაციას აქტიურად განაგრძობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებები მიღება ხვალ სრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს, პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა.
დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის 15%-ს წყალი 24 საათაინ რეჟიმში მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი დღეში 12-14 საათით. დაბაში არსებული წყალმომარაგების ქსელის 60% ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, ხშირია წყლის დანაკარგები.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ სათავე ნაგებობას და გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი, მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის 3 000-მდე მაცხოვრებელი და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის - I ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელის ნაწილი ახალი სისტემით შეიცვალა. გამრიცხველიანდა მოსახლეობა, გაიზარდა წყლის ტებიტი. აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 2-3 საათით მიეწოდებოდა.