დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს სრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაასრულოს.
დღეის მდგომარეობით, წყლის დებიტის სიმცირის გამო, ორივე სოფლის მოსახლეობას წყალი სამ დღეში ერთხელ - 2 საათით მიეწოდება.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის ახალი სათავე ნაგებობები, ჭაბურღილი, სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურის და რეზერვუარს. გამრიცხველიანდება მოსახლეობა.
დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფლის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 4 700 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.