საგარეჯოს წყლის სისტემის ხარვეზებს კონტრაქტორი კომპანია ეტაპობრივად გამოასწორებს
ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს, კონტრაქტორი კომპანია, ხელშეკრულების გათვალისწინებით, ეტაპობრივად გამოასწორებს.
პროექტის ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოების შედეგად, 110 კმ -იანი გამანაწილებელი ქსელი და 2800 აბონენტთან ინდივიდუალური კვანძები მოეწყო.
სამუშაოების შესრულების პროცესს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია და დარგის სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ.
ამჟამად, საგარეჯოში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის II ფაზის სამუშაოები, რაც წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საქლორატორს რეაბილიტაციას, ორი სატუმბი სადგურის მშენებლობას და მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის II ფაზის სამუშაოებს ახორციელებს, პროექტის დასრულების შემდეგ შევძლებთ ვაკონტროლოთ წყალის უყაირათო მოხმარება და მოსახლეობისთვის გავზარდოთ წყალმომარაგების გრაფიკი. პირველი ფაზის სამუშაოების დროს გამოიკვეთა კონტრაქტორის მიერ დაშვებული გარკვეული ხარვეზები, აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტორი კომპანია, დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას და პრობლემების აღმოფხვრაზე დაიწყებს მუშაობას.“ - განაცხადა გიგა მანდარიამ.
გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებული დეფექტებისთვის კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი მითითება მიეცა და იგი ყველა ხარვეზს საკუთარი ხარჯებით გამოასწორებს.
„საგარეჯოს წყალმომარაგების პირველი ფაზის სამუშაო, რაც მოიცავდა ქსელის მოწყობას, პრაქტიკულად, დასრულებულია. შესრულებული სამუშაოს ტესტირების რეჟიმში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები და დეფექტები. შესაბამისად, ამ სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი მითითება მიეცა კონტრაქტორ კომპანიას. იგი თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ყველა ამ დეფექტის გასწორებას.“- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
პროექტის დასრულების შემდეგ, საგარეჯოში მცხოვრებ 10 000-ზე მეტ ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.