წნორში დამატებით 1500 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება


2020-09-01

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წნორში მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 11 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების ფარგლებში 24 კორპუსში მოეწყობა 500 მრიცხველი, კორპუსების წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400მ.

ინდვიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ 1500-მდე ადგილობრივი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტი გახდება და სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ დასახლებას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

წნორის დანარჩენ მოსახლეობას კი (7 000-მდე ადამიანი) ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდა და უკვე ორი თვეა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.

ადგილობრივების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქლორატოროს, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.




სიახლეები