კომპანიის მენეჯმენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის ახალ ხელმძღვანელად ლევან კაკაბაძე წარადგინა


2020-08-13

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ, მოადგილესთან, ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკაბაძე წარუდგინა.
როგორც კომპანიის დირექტორმა თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონული ფილიალების მაქსიმალურად ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა.
,ამ დროისთვის  რეგიონში რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. ასევე, მიმდინარე და შემდგომ წლებში დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყება, რაც გულისხმობს მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას, ახალი სისტემების მშენებლობას და მეტი მომხმარებლის უზრუნველყოფას სტაბილური წყლის მიწოდებით . რეგიონში გვაქვს ტურისტული ზონა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ წყლის სექტორში არსებული გამოწვევები დავძლიოთ, რათა სეზონს უკეთ მომზადებულები დავხვდეთ. ამ გამოწვევებსა და გეგმებს სჭირდება ახალი ხედვა და ენერგია იმისათვის, რომ ის ვალდებულებები, რაც გვაქვს დროულად და ხარისხიანად შესრულდეს. იმედს ვიტოვებ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ის თავს წარმატებით გაართმევს’’ - განაცხადა გიგა მანდარიამ.
ლევან კაკაბაძე განათლებით ეკონომისტია. აქვს სხვადასხვა კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.  1998-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში სხვადასხვა მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე, მათ შორის რისკების კონტროლის განყოფილების, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის განყოფილებისა და საფინანსო დეპარტამენტში  ბიუჯეტირებისა და კონტროლის განყოფილების უფროსად. 2008 წლიდან 2014 წლამდე თანამშრომლობდა  სადაზღვევო კომპანია "ალდაგი -ბისიაი" -სთან,  სადაც იკავებდა საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, შემდგომში იყო სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი"-ს საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი. მუშაობდა ,,ჯორჯიან ფროდაქშენი"-ს  წარმოების მიმართულების უფროსად და ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში" საოპერაციო  დეპარტამენტის დირექტორად.  2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა კომპანია "ტექ-იმპექსს".
 

 




სიახლეები