წყალმომარაგების კომპანია - ლაგოდეხის წყლის ხარისხის ვარგისიანობა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია ლაგოდეხის მოსახლეობისთვის დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც როგორც კომპანიის ლაბორატორიების , ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში აღებული წყლის ხარისხის ვარგისიანობის დასკვნები ადასტურებს.
კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, აბონენტებს ძველი დავალიანების დაფარვა გრაფიკის მიხედვით შეუძლიათ.
„რაც შეეხება მრიცხველების დემონტაჟს, ეს ვერ მოხდება, ხოლო ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით, კომპანიამ მოსახლეობას ვალის 3 თვიდან 3 წლამდე გადანაწილება შესთავაზა და მათ ამ გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა აქვთ”, - აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ლაგოდეხის მოსახლეობა გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი თვის წინ შეთანხმდნენ, რადგან აბონენტებისთვის 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებისა და წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის გამრიცხველიანება აუცილებელი პირობაა.
მრიცხველების არ არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა შეუძლებელია.
რაც შეეხება ტარიფს, ლაგოდეხი სარგებლობს 2010 წელს დადგენილი სტანდარტული ტარიფით, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს. სატარიფო პოლიტიკას კი ადგენს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.