გიგა მანდარია - რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგა
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა და ამ დროისთვის სტაბილურად მიეწოდება.
ადიდებულმა მდინარე რიონმა ონში, სოფელ ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. პროცესს ადგილზე კოორდინაციას, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან ერთად, უწევდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.
"ონში დაახლოებით 1300 აბონენტი გვყავს, აქედან 500 ოჯახს წყალი დროებით არ მიეწოდებოდა. გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა წყალმომარაგება. ამ დროისთვის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა არ აქვთ. თუმცა მიმდინარეობს სამუშაოები რომ თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული გაუგებრობები" - განაცხადა გიგა მანდარიამ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.