ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კომპანია წყლის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებს იწყებს. გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,საბა’’-მ გაიმარჯვა, სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას 9 თვე აქვს.
სამუშაოები სვანებისა და ფრანგების უბნის მაცხოვრებლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობის, ორი ჭაბურღილისა და საქლორატოროს მოწყობა.
ამ დროისთვის, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭებიდან იღებენ. ზაფხულის პერიოდში, წყალმცირობის დროს, ჭაში არსებული წყლის დებიტი კლებულობს და წყალმომარაგების კუთხით მოსახლეობას პრობლემები ექმნება. სოფელში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს.
სამუშაოებს 2 379 996 ლარი მოხმარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.