წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - ანასეული წლის ბოლოდან უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს.
უკვე შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ, მოადგილესთან ირაკლი ნაფეტვარიძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებლობის პროგრესს გაეცნო.
სამუშაოების 70 % უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ახალი გამანაწილებელი და სადაწნეო ქსელები. ასევე, დასრულდა ერთი ახალი რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობისა და ტექნოლოგიური ნაწილის სამუშაოები.
ანასეულში, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალმომარაგების კუთხით პრობლემები იქმნება. ასევე, სასმელი წყლის დებეტის სიმცირის გამო ბოლო წლებია მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით წლის ბოლოდან იქნება უზრუნველყოფილი.