ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემა მოეწყობა
საქართველოს რეგიონებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კომპანია წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
სოფლის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 4 აგვისტოს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება7 მილიონ ლარზე მეტია.
ამ დროისთვის, სოფელ მატანში ქსელი ამორტიზებულია და არსებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძველი მილების ახლით ჩანაცვლება, ახალი რეზერვუარისა და საქლორატორო სადგურის მშენებლობა. ასევე, მდინარე კურტანაძეულის კალაპოტში ახალი დრენაჟის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. წყლის რაციონალურად მოხმარების მიზნით დაგეგმილია აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.
პროექტის დასრულების შემდეგ, 4 500-ზე მეტი ადგილობრივი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.