საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება
2016-06-30
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების დასრულების შედეგად სასმელი წყლის პრობლემა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 10 სოფელში მოგვარდება.
წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ სოფლებს წყალი მოეწოდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ამ სოფლების მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 2016 წლის სექტემბერში დასრულდება და 11 ათასზე მეტ ადამიანს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.