ურეკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
2016-06-16
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში, ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ორივე ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
ურეკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, აზიის განვითარების ბანკმა 78 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.
პროექტის ფარგლებში, მოხდება ურეკის წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, კი ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.